გიორგი ივანიაძე: 'ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა'

15 ოქტომბერი, 2019 - 01:01


ხვალ გაიმართება ტურის ცენტრალური მატჩი "სამტრედიასა" და "შევარდენს" შორის.

მატჩის წინ კომენტარი იმერული გუნდის ახალწვეულმა – გიორგი ივანიაძემ გააკეთა.

"გუნდს კარგად მოვერგე. რამდენიმე ამხანაგური და ოფიციალური მატჩი უკვე ჩავატარე - გოლი გავიტანე და 2 საგოლე გადაცემაც გავაკეთე. შევეცდები, უფრო მეტი გავაკეთო და გულშემატკივარი გავახარო.

სადებიუტო გოლი ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელმა პირველ თამაშში თავისი კვალი უნდა დატოვოს, თან შეცვლაზე შემოვედი და რაც მთავარია, გუნდმა მოიგო.

გამარჯვებაში ჩემი წვლილის შეტანა ყოველთვის კარგია, თუმცა მთავარი გუნდის წარმატებაა და არ აქვს მნიშვნელობა, მე გავიტან, გავატანინებ, თუ სხვა გაიტანს.

შევარდენთან მატჩს რაც შეეხება, ორმაგად მოტივირებული ვარ, რადგან ცოტა ხნის წინ ამ გუნდში ვთამაშობდი, ახლა კი მათ წინააღმდეგ მიწევს გამოსვლა.

სამტრედია და შევარდენი უშუალო კონკურენტები არიან და მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. გუნდი აქტიურად ემზადება და ვნახოთ, რა იქნება", – განაცხადა ივანიაძემ.