გურამ სამუშია: 'ფავორიტები ვართ და ვეცდებით, შინ 3 ქულა მოვიპოვოთ'

22 სექტემბერი, 2019 - 18:07


განვლილ მატჩებსა და "შუქურასთან" გასამართ ხვალინდელ შეხვედრაზე კომენტარი "სამტრედიას" შემტევმა გურამ სამუშიამ გააკეთა.

როგორ შეაფასებდით განვლილ მატჩებს?

"სამტრედიას" შედეგებით კმაყოფილები არ ვართ. ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა. ახლა მესამე პოზიციაზე ვართ. შევეცდებით, სიტუაცია მესამე წრიდან გამოვასწოროთ და პირველ ადგილზე გადავიდეთ.

გასულ ტურში, გუნდი უშუალო კონკურენტ "მერანთან" დამარცხდა, რამ განაპირობა ის, რომ ამ მატჩში "სამტრედიამ" ქულაც ვერ აიღო?

დაძაბული და თანაბარი თამაში იყო. "მერანი" ჩვენი მთავარი კონკურენტია. ისეთი გოლები გაგვივიდა, რომლებიც არ უნდა გასულიყო. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილოები ვართ.

რა იქნება "სამტრედიას" მიზანი მომდევნო მატჩებში და იქნება თუ არა "მერანთან" მატჩი ერთგვარი მოტივაცია?

დიახ, პირადად მე, სტიმულს ის მაძლევს, რომ წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ყველაფერი გავაანალიზო და შემდეგ მატჩებში შეცდომები გამოვასწორო. თამაშების განხილვა გუნდშიც მიდის და შეცდომებზე ვმუშაობთ.

რას გვეტყვი კახა კაჭარავას მუშაობაზე, პირადად შენთვის და გუნდისთვის?

კაჭარავა საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო და გამოცდილი სპეციალისტია. მასთან შეხება ადრეც მქონდა. კახასთან ერთად გუნდში მეგობრული გარემოა და ყველა ვცდილობთ, მის მიერ მოცემული მითითებები შევასრულოთ.

მეორე წრის ბოლო მატჩში "შუქურასთან" გაქვთ. შესწევს გუნდს იმის ძალა, რომ წაგებული მატჩის შემდეგ შინ 3 ქულა მოიპოვოს?

ამ მატჩისთვის მოტივაცია დიდია. ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ჩვენთვის ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, ფავორიტები ვართ და ვეცდებით, ფავორიტის სტატუსი სრულად გავამართლოთ.