გოგუა: "სამტრედია მოედანზე ყველა მატჩში მოსაგებად გადის"

19 ივლისი, 2019 - 20:28


"შუქურასთან" გასამართი მატჩის წინ, "სამტრედიას" კაპიტანმა გოგიტა გოგუამ კომენტარი გააკეთა და რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

ეროვნული ლიგა 2-ის მე-18 ტურში, ჩვენი გუნდი საშინაო მატჩს ხვალ, 18 საათზე გამართავს.

"ჩვენი გუნდისთვის გასულ ტურებს საშუალოდ შევაფასებდი. იყო მატჩები, სადაც ქულები არ უნდა დაგვეკარგა და იყო მატჩები, სადაც მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ჯერ ჩემპიონატის ნახევარია გასული და ყველაფერი წინაა.

როგორც კაპიტანი, ვერ გეტყვით, რომ სამტრედიას თამაშით ბოლომდე კმაყოფილი ვარ. არის ნიუანსები, რასაც გამოსწორება სჭირდება როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. ახალგაზრდა ფეხბურთელებს უფრო მეტი შეუძლიათ და თავიანთ თავზე უნდა იმუშაონ.

სამტრედიაში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, რაც კონკურენცია შექმნის, კონკურენციაში კი გუნდი უფრო ძლიერია. ჩემპიონატის დასაწყისში, მწვრთნელებს დიდი არჩევანი არ ჰქონდათ, ახლა კი ეს პრობლემა გამოსწორდა, რაც ძალიან კარგია.

რაც შეეხება უშუალოდ მერანთან მატჩს, მარცხს მეტოქის დაუფასებლობას ვერ დავარქმევ, პირიქით, მერანი ძლიერი გუნდია. მოედნის საფარი კატასტროფა იყო. 36 წლის ვარ და ასეთ კატასტროფულ საფარზე არასდროს მითამაშია. ვფიქრობ, მარცხი ამანაც განაპირობა. 

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ერთი - ეროვნულ ლიგაში დაბრუნება. შუქურასთანაც და ყველა დანარჩენ გუნდთანაც მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავდივართ და რა მოხდება, ამას ხვალ გავიგებთ", – გვითხრა გოგუამ.