პავიშიჩი: 'აქ იმიტომ მოვედი, რომ გუნდს უმაღლესში დასაბრუნებლად დავეხმარო - მათ ეს დაიმსახურეს'

19 ივლისი, 2019 - 20:28


სერბი ნახევარმცველი სტრაჰინია პავიშიჩი "სამტრედიაში" ამ სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მან გუნდთან ერთად პირველი მატჩი უკვე ჩაატარა და სადებიუტო გოლიც გაიტანა.

"მერანთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან უმთავრეს კონკურენტს და გათამაშების ლიდერს ვხვდებოდით. მოხარული ვარ, რომ პირველივე შეხვედრაში გოლი გავიტანე, თუმცა საქმე არჩევაზე რომ იყოს, ჩემს გოლზე წინ, გუნდის გამარჯვებას დავაყენებდი.

სხვათაშორის, ქართულ ფეხბურთზე მსმენია. 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთმა შინ საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხა. იმ მატჩს დავესწარი და ვნახე, რომ ქართველებს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ.

მიმდინარე სეზონში სამტრედიას მიზანი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა - აქ სწორედ იმიტომ მოვედი, რომ გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დავეხმარო, მათ ეს დაიმსახურეს.

იდეალური იქნება, თუ პირველ ადგილს დავიკავებთ, თუმცა მეორე და მესამე ადგილიც არაა ცუდი, რადგან აქედანაც ვიბრძოლებთ უმაღლესში გადასასვლელად", – აცხადებს პავიშიჩი.