“სამტრედიამ" “კოლხეთი” დაამარცხა

26 აგვისტო, 2018 - 15:13

26 აგვისტოს, “ეროვნული ლიგის” 22-ე ტურის მატჩი გაიმართა. “სამტრედიამ” ფოთის “კოლხეთს" მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, 17:00 საათზე უმასპინძლა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ფოთის “კოლხეთი” აქტიური თამაშით შეტევის წამოწყებას არა ერთხელ ცდილობდა, თუმცა სტუმრებმა სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლეს. განსხვავებით “კოლხეთისა” ჩვენმა გუნდმა მოწინააღმდეგე მატჩის პირველივე ნახევარში შეაწუხა. მე-18 წუთზე “სამტრედიას” ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცა, მამასახლისის დარტყმა მცირეოდენი მანძილით აცდა კარს. 25-ე წუთზე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ახლა უკვე ავთო ენდელაძემ შექმნა, ამჯერად სტუმრები მეკარის ზუსტმა თამაშმა გადაარჩინა. 26-ე წუთზე ანგარიში “სამტრედიას” სასარგებლოდ გაიხსნა. იგორ კოშმანმა “კოლხეთის” 21-ის შეცდომით ისარგებლა და შეტევა სადებიუტო გოლით დაასრულა. 

შეხვედრის მე-2 ტაიმის დასაწყისშივე “სამტრედიას” ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცა, თუმცა ჯგერენაიას შესანიშნავი პასის შემდეგ კოშმანის დარტყმა სტუმართა მეკარემ მოიგერია. მიუხედავად აქტიური თამაშისა ანგარიში არ შეცვლილა და “სამტრედიამ” უშუალო მეტოქესთან გამარჯვება მოიპოვა.