სამტრედია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა!

12 დეკემბერი, 2019 - 10:38


გუშინ, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა ეროვნული ლიგის ფლეი-ოფის მატჩი "სამტრედიასა" და ბოლნისის "სიონს" შორის. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ბოლნისში შედგა და ფრედ 0:0 დასრულდა.

ანგარიში 32-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ გახსნა. საგოლე გადაცემა გურამ სამუშიამ გააკეთა. სამუშიამ პირველ ტაიმში მეორე შედეგიანი პასიც გააკეთა და ამჯერად, ნიჯატ ყურბანოვს გაატანინა.

მეორე ნახევარში მეტოქე ვა-ბანკზე წავიდა, სივრცეები გაჩნდა, რითიც "სამტრედიამ" ისარგებლა და კიდევ ორი გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე სხვაობა სამამდე სამუშიამ გაზარდა, შეხვედრას საბოლოო წერტილი ყურბანოვის დუბლით დაესვა. 77-ე წუთზე უგულავამ პრესტიჟის გოლი გაიტანა - 4:1.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, "სამტრედია" მომავალი სეზონიდან კვლავ ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს.

შემადგენლობა: სეფიაშვილი, ცერცვაძე, კილასონია, ჩაკვეტაძე, ახალაძე, ქიქავა, პავიშიჩი, რაჟამაშვილი, სამუშია, ივანიაძე, ყურბანოვი.

შეცვლიდან შევიდნენ: ღირდალაძე, ჭეიშვილი, კერძევაძე